ვაკის პარკში 2 აქცია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

ვაკის პარკთან ორი აქცია ხმაურით მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან სამოქალაქო მოძრაობის “რუსეთი ოკუპანტიას” და ე.წ. “უკვდავი პოლკის” წევრები.

პრორუსული ორგანიზაციის „უკვდავი პოლკის“ წევრები 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკით აღნიშნავენ. აქციის მეორე მხარემ მოუწოდა პოლიციას მიეღო შესაბამისი ზომები, რადგან კანონმდებლობით საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალულია.

„უკვდავი პოლკის“ წევრები ფიქრობენ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული არ აქვს, სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება 2 ჯგუფს შორის. “რუსეთი ოკუპანტიას” აქციის მონაწილეებმა გიორგი ანწუხელიძის გამოსახულებიანი პლაკატები გაშალეს.

“უკვდავი პოლკის” წევრებს აქციის მეორე ჯგუფი რუსეთის მიერ დაფინანსებულს უწოდებს. მათი განცხადებით, დღევანდელი აქციაც რუსული პროპაგანდის ნაწილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციასთან დაკავშირებით  გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.

2011 წლის 31 მაისს, ამოქმედებული კანონის მიხედვით, კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის სიმბოლიკის გამოყენება იკრძალება.

პრორუსული იდეოლოგიის აქციის მონაწილეების აზრით, კომუნისტური სიმბოლიკის განმარტება კანონში ბუნდოვანია.

ტერმინი კომუნისტური იდეოლოგია განმარტებულია როგორც იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებით და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობით და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა.