ვალების განულების შემდეგ ე.წ. ამომღებ კომპანიაში თანამშრომლების შემცირება დაიწყო

{{ARTICLEIMAGE}}
ე.წ. უიმედო ვალების განულების შემდეგ პრობლემური სესხების ამომღებ კომპანიაში თანამშრომელთა შემცირება დაიწყო. ერთ-ერთი თანამშრომელი Newsreport.ge-სთან ამბობს, რომ ე.წ. სესხების განულების აქციის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეები არსებული დავალიანების გადახდაზეც უარს ამბობენ, რამაც კომპანიას გარკვეული პრობლემა შეუქმნა და იძულებული გახადა, თანამშრომელთა შემცირება დაეწყო. Newsreport.ge-ს ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ე.წ. შემცირება ერთი თვით გამოაცხადა, ამ პერიოდში კი თანამშრომლებს პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა “შავ სიაში” მყოფ 600 000 ადამიანს ჯამში 1,5 მილიარდის ოდენობის დავალიანებას უნულებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ 700 ათასი მოქალაქიდან, რომელიც ამჟამად ე.წ. შავ სიაში იმყოფება, 600 ათასს ფინანსურ დავალიანებას ფონდის ქართუს ფინანსური დახმარებით ჩამოაწერენ. ბახტაძემ პროექტის ღირებულებად 1,5 მილიარდი ლარი დაასახელა. პრემიერის თქმით, ეს ადამიანები დაუბრუნდებიან სრულფასოვან ეკონომიკურ საქმიანობას, რისი საშუალებაც აქამდე არ ქონდათ.

ვალები რომ გაანულონ, რამდენიმე კრიტერიუმი ერთდროულად უნდა დაკმაყოფილდეს: ცალკეული კრედიტის ძირი თანხა არ აღემატებოდეს 2 000 ლარს; ბოლო წლის განმავლობაში არ უნდა იყოს ვალის დასაფარად შეტანილი რაიმე თანხა. როგორც ცნობილია, მთავრობამ უკვე აამოქმედა სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი Vali.ge.