ვალების განულების შესახებ სპეციალური ვებგვერდი დღეს საღამოს ამოქმედდება

{{ARTICLEIMAGE}}ვალების განულების შესახებ სპეციალური ვებგვერდი www.vali.ge დღეს 18:00 საათზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან “საქართველოს ბანკის” “თი-ბი-სი ბანკის” და “ლიბერთი ბანკის” მომხმარებლები.

“ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარებს 24-საათიან რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და ფონდი “ქართუ” აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე”, თქვა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ბაზზები ყოველდღიურად განახლდება.

“ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება შავი სიიდან და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება”. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტების მხრიდან იყო მცდელობა, რომ ამ ინიციატივისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.

“საქართველოს მთავრობის ძალისხმევით საქართველოში მკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები. ამ წესების დამკვიდრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა. ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ. გადასადგმელი გვაქვს ძალიან პრინციპული ნაბიჯები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, გაცხადებული იყო რამდენიმე კვირის წინ- ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, საუბარია თითქმის 600 000 ადამიანზე, შეძლებს, 2019 წელს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყოს დარეგისტრირებული ე.წ შავ სიაში”, ამბობს პრემიერი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი სიღარიბის დაძლევაა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკაც აღნიშნული მიზნის მიღწევაზეა აგებული.

“როდესაც ვსაუბრობთ მსგავს ინიციატივებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, ზოგადად, რა უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობასაც გვმართებს მეტი აქტიურობა. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ სიღარიბე, როგორც ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი ერისთვის იქნას დაძლეული. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ინიციატივები აგებულია სწორედ იმაზე, რომ ამ მიზანს ჩვენ ერთობლივად მივაღწიოთ. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ვალის ტვირთს ჩვენს მოქალაქეებს და საშუალებას მისცემს, კვლავ ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში”, თქვა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პლატფორმა 3 დეკემბერს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, პროცესის დაგვიანება რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციას უკავშირდება, რომლებმაც “ქართუს” პირობებზე დათანხმება გადაწყვიტეს. 

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერება. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს.