ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მატროსოვის ციხეში დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხეს.
ადვოკატების თქმით, ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის და მათ ამ საკითხის გამოძიების იმედი არ აქვთ.
პროკურორების განცხადებით, მათ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოისმინეს იმ პირების აღწერილობასთან დაკავშირებით, ვინც მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანა.
მერაბიშვილის ადვოკატების თქმით, მერაბიშვილი უკვე მესამედ დაკითხეს და მან წინა 2 დაკითხვაზეც გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ციხიდან მისი გაყვანის როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლების შესახებ.
„ვიზუალურ დახასიათებას სთხოვდნენ, მაგრამ ბუნებრივია მათი სახელი და გვარი არ იცოდა და ვერ იტყოდა, მაგრამ მაშინაც ამბობდა და დღესაც გაიმეორა, რომ მათი ამოცნობა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი გავიდა. რაც შეეხება მათ მახასიათებელს დღესაც აღუწერა, რა ფერის თვალი ჰქონდათ, ეს არც მაშინ უთქვამს და ვერც დღეს იტყოდა, იმიტომ რომ ღამე იყო. პრაქტიკულად არცერთი კითხვა არ დასმულა მაშინდელ მთავარ პროკურორზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების მინისტრზე, პრაქტიკულად ახალი არაფერი უკითხავთ,“- განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს მერაბიშვილის განცხადებით, ის ციხიდან გაიყვანეს.ამის შესახებ მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.
მერაბიშვილის განცხადებით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ იგი მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა.
საქმეზე საქართველოში ჩატარებული გამოძიება უშედეგოდ დასრულდა. ახალი გამოძიება კი სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციის საფუძველზე განახლდა.














