ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის- ლევან გოგიჩაიშვილი

,,ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის”- ასე ეხმიანება ფრაქცია ,,დამოუკიდებელი დეპუტატების” კიდევ ერთი წევრი ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება.

მისი თქმით, მერაბიშვილის ასეთი განცხადებები ,,ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკისა და მართვის კრიზისის შედეგია.

“ეს არის “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკა, რომელზეც მივუთითებდით ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ. მივუთითებდით იმ მართვის კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით – ხან “ნაციონალებს” ეთამაშა, ხან “ევროპულ საქართველოს”, ხან იმ მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა, მერე ვიღაც კეზერაშვილთან დალაგდა, ყველა სასამართლო მოაგებინა… აი, ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით”,- ამბობს გოგიჩაიშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილის მსგავსი ადამინები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას.

,,ესე იგი ჩვენ ტყუილად ვწვალობთ, მოდელებს ვეძებთ, რომ დემოკრატიულად ჩავატაროთ ქვეყანაში არჩევნები და უცებ გამოდის მერაბიშვილი და გვთავაზობს ხელისუფლების შეცვლის ძალიან მარტივ რეცეპტს დამხობით. თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი ახლა სახლში რომ მივა. ვანო მერაბიშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული განვითარება, არჩევნები და გვჭირდება ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას და ამ ქვეყანაში დამთავრდეს სამუდამოდ ის, რომ „ვაის“ რომ გაეყრები, „უის“ შეეყრები. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ის ფლობს,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მერაბიშვილის მხარდამჭერები გოგიჩაიშვილმა ჰიტლერის მხარდამჭერებს შეადარა, რომლებიც ,,აღმერთებენ ჰიტლერს და ელოდებიან, როდის დაბრუნდება, რომ დახოცოს ხალხი”.

“ადამიანები დახვდნენ და მოწონთ ადამიანი, რომელიც ხოცავდა წლების განმავლობაში ადამიანებს. არიან ასეთი ადამიანები, გერმანიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც აღმერთებენ ჰიტლერს და ელოდებიან, როდის დაბრუნდება, რომ გააკეთოს კონცლაგერები და დახოცოს ხალხი. ადამიანები არიან როგორც ჩანს, რომლებიც ამისგან სიამოვნებას იღებენ. ვანო მერაბიშვილი არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში, ძალიან მძიმე ადამიანი,” – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

მერაბიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა.