საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელიც პარლამენტში მოსამართლეთა კლანის ლობისტად სახელდება, ეკა ბესელიას იურისტობას უწუნებს და საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე მის საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს. ამობს, რომ ბესელიას ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია და არცერთი თავმოყვარე იურისტი მას ხელს არ მოაწერს.
ზარდიაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზეც , რომ ის პარლამენტში მოსამართლეთა კლანის ლობია. ზარდიაშვილმა ამ მოსაზრებას ბესელიას სუბიექტური ხედვა და ინტერესი უწოდა. უმრავლესობაში არსებულ განხეთქილებაზე კი თქვა, რომ გუნდის შიგნით საუბრები ვიღაცეებს ჟურნალისტებამდე მახინჯი ფორმით მიაქვთ.
“თქვენ გაქვთ 1%იანი ინფორმაცია რაც იქ მოხდა, ვიღაცის ინტერესშია ამ მახინჯი ფორმით გამოვიდეს ინფორმაცია. ეს არის თითქმის შეუძლებელი, ვინც იცნობს კონსტიტუციას, სამართლებრივ ჩარჩოებს, აუცილებლად ის ადამიანი ამოიკითხავს, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური ბრალდებები და ცილისწამება და არა რაიმე სამართლებრივად შესაძლებელი ფუნქცია ან შესაძლებლობა,“ – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
ვანო ზარდიაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრების გავრცელებაზეც ისაუბრა და მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო.
“ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვადასტურებ, რომ ეს არის ძალიან ამორალური საქციელი, მისი გადამღებიც, გამავრცელებელიც, ჩემი აზრით იმსახურებს უმკაცრეს სასჯელი, შესაბამისად ამ საკითხზე კომენტირება იქნება ზედმეტი ჩემი მხრიდან. პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად, მათ შორის ქალბატონ ეკასთან ერთად მოვითხოვ ამ გამოძიების დასრულებას და შესაბამისად ყველა ერთად ვნახავთ ამ გამოძიების შედეგებს,“-განაცხადა ზარდიაშვილმა.