ირაკლი ოქრუაშვილის უახლოეს გეგმებში “რუსთავი 2”-ის დაბრუნება და ტელეკომპანიის 80%-იანი წილის ჟურნალისტებისთვის გადაფორმება შედის.
ოქრუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დღეს ღამე დაბრუნდება და იმ ჟურნალისტებს შეხვდება, ვისაც წილს გადაუფორმებს.
ოქრუაშვილის თქმით, დავას ის ტექნიკურად ვერ იწყებდა იქამდე, ვიდრე კომპანია ხალვაშს არ გადაეცემოდა. როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, წილების გადაფორმების შემდეგ ჟურნალისტები ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ტავად იბრძოლებენ. ვინ იქნებიან მის სიაში ოქრუაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.
“მას არასოდეს ეკუთვნოდა „რუსთავი2“. ის იყო ყოველთვის ნომინალური ფიგურა და წარმოადგენდა სხვას. ამ შემთხვევაში წარმომადგენდა მე. ეს არის დადასტურებული შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც მე ვდაობ, მაგრამ ეს არ არის საინტერესო.
კარგად მესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს „რუსთავი2“-ის იმ ფორმატით არსებობას, როგორითაც არსებობდა დღემდე. იმის შენარჩუნება, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო და ქვეყანაში ისმოდეს თავისუფალი სიტყვა. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრს შეიძლება კითხვა უჩნდებოდეს, მე ვაპირებ ძალიან მარტივი რამის გაკეთებას. ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის და რაზეც ვდავობ, ჩემი მოთხოვნის 80% გადავცე ათამდე დამოუკიდებელ მებრძოლ ჟურნალისტს სრულიად უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან, ამ შემთხვევაში ხალვაშთან, თორემ ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან რეალურად, იმისთვის რომ “რუსთავი2” არ წაიღოს ივანიშვილმა და საქართველო არ დაემსგავსოს ჩრდილო კორეას.
ამაღამ ჩამოვდივარ და ხვალ უკვე ვაპირებ ამ ჟურნალისტებთან შეხვედრას, მონახაზი მაქვს ვის შეიძლება ვესაუბრო ამ თემაზე, შევთავაზებ ჩემს პირობებს. მათი მხრიდან მზაობის შემთხვევაში მათ გადავუფორმებ ამ ყველაფერს დაახლოებით 80%,“-აცხადებს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშს მისი ვალი აქვს. დავა მიმდინარეობს ფინანსურ ნაწილზე, თუმცა ქიბარ ხალვაში დოკუმენტს აცხადებს ყალბად და არ ცხადდება სამხარაულში,რომ დადგინდეს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა.
ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში ვერ შეძლებს ამ დოკუმენტის ყალბად გამოცხადებას. ხელშეკრულების ნამდვილობას ხალვაშის ადვოკატი და “რუსთავი2”-ის ახალი დირექტორი გამორიცხავს და მას ყალბს უწოდებს.