საქართველოს ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა 17 მაისისთვის დაგეგმილ კონცერტზე მათი ანსამბლის მონაწილეობის შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. ანსამბლი 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობს.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საერთაშორის მაშტაბით იმართება ღონისძიებები, რომლებიც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.
2014 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა. მანამდე, 2013 წელს ლგბტ თემის უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა დაარბიეს და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები იმართება, რაც ლგბტ თემის მხრიდან რაიმე აქციის გამართვას გამორიცხავს.
წელსაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიებაა დაანონსებული. 17 მაისს სამების ტერიტორიაზე გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც აფიშის მიხედვით ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილებიც მონაწილეობს. . ღონისძიების ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანია.
სუხიშვილების ამ გადაწყვეტილებას ლგბტ თემის პროტესტი მოყვა. მათ განცხადებაც გაავრცელეს, რომლითაც სუხიშვილებს კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.
“უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას!
მოვუწოდებთ სუხიშვილებს, უარი თქვან ამ სამარცხვინო ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამით გადაარჩინონ საკუთარი რეპუტაცია!“ – ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, ნინო სუხიშვილი თვლის, რომ მისთვის კონცერტში მონაწილეობა დიდი პატივია და უარის თქმას არ აპირებს.
“მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და აგრესიის, ყველა ფორმის გამოვლენის. წარმოუდგენელია ჩემთვის და არ მივესალმები ამას არასდროს. სამების სავანე ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი, ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ.ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. მე ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგევარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას…
ჩემთვის ღმერთი არის სიყვარული და სიკეთე და არ მესმის რატომ მოიაზრება ეს აგრესიად. კი, ალბათ რაღაც ინციდენტების გამო არის ეს დამოკიდებულება. ეკლესიის მიმართ, მაგრამ ცუდი და კარგი და ბოროტი და კეთილი ყველგან არის, ერშიც და ბერშიც.
საერთოდ ვთვლი, რომ ძალადობა დაუშვებელია. აგრესია არც აქეთა მხრიდან, არც იქითა მხრიდან. მე ბავშვობიდან სიძულვილი და ზიზღი არ ვიცი, საერთოდ არ გამაჩნია საერთოდ არავის მიმართ და არ მესმის ეს სიძულვილი და აგრესია რატომ მოდის კონკრეტულად ჩვენზე, რომლებიც ყოველთვის ერის საქმეს ვაკეთებთ და თვითმყოფადობის შენარჩუნების სამსახურში ვართ.“ განაცხადა ნინო სუხიშვილმა.