ვასაძე ივანიშვილს მედიარეგულირების ინიციატივით მიმართავს(ვიდეო)

ბიზნესმენი ლევან ვასაძე 30-წუთიან ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას, მედიარეგულირების ინიციატივით მიმართავს. 

ვასაძე აღნიშნავს, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები, რომლებსაც ის მედიატერორისტებს უწოდებს და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის  უმკაცრესად დაისჯებიან.

“ის ტელეტერორიზმი, რომელშიც გადავარდნილი არის ე.წ თავისუფალი და სინამდვილეში ლიბერალური ქართული ტელევიზია, არის უაღრესად მავნებელი ჩვენი ქვეყნისათვის, ეკონომიკისათვის. დათვლილია უკვე, რომ გასული კვირების მოვლენებმა, არშემდგარმა სახელმწიფო გადატრიალებამ და ამის შედეგად ამ  უტვინო დეპუტატი სერგეი გავრილოვის მონაწილეობით, ჩვენი მედიის მიერ აგორებულმა პროვოკაციამ და არეულობამ გამოიღო უდიდესი ზარალი ქვეყნისთვის,3 მილიარდით დაზარალდა საქართველო და გამოდის რომ ოჯახები, რომლებიც შრომობენ,იღებენ კრედიტებს, რატა სახლები სასტუმრო-სახლებად გადააკეთონ უნდა დარჩნენ სარჩოს გარეშე და ხდება მძევალი რამოდენიმე ერთი მუჭა გაუკუღმართებული ცხოვრებით მცხოვრები ღვარძლიანი, გარყვნილი, ცინიკური ტელეტერორისტისა”-აცხადებს ვასაძე.

“მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ვერანაირ ეკონომიკას და სტაბილურობას, ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედია პროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს”-მიმართავს ვასაძე მთავრობას და ივანიშვილს.

ვასაძე მიიჩნევს, რომ   მედიარეგულატორი უნდა დაკომპლექტდეს პრინციპული, ეროვნული, ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს და გააკონტროლებს ქართული ტელესივრცის მუშაობას

“ბევრი არ დაჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე – ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც დასახლებულია უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“, – განაცხადა ვასაძემ.