ლევან ვასაძეს შეხვედრებზე გაუჩნდა განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის სხვადასხვა მოსაზრებებს იზიარებდა, მათ შორის მიმდინარე მოვლენებზე და ახლა იმედგაცრუებულია,- განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. რითაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე.
გია ხუხაშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ურჩევს, მსგავს შეხვედრებზე საუბრისას, როდესაც “A-ს იტყვს, B-ც თქვას“. ხუხაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ვასაძე არ იტყვის, რა საკითხებზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილთან, მხოლოდ ფაქტის დასახელება არასერიოზულია.
„ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელია, ადამიანს რომ ხვდება, იმ ადამიანს განცდა უჩნდება, რომ გარკვეული თანამოაზრეობა მათ შორის არის. შეიძლება ამან ცოტა არ იყოს ბატონი ლევან ვასაძე დააბნია და ახლა იმედგაცრუება დაეწყო. ასეთ შეხვედრებზე საუბარი ღრმად არასერიოზულია. ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე ვხვდებოდი ბიძინა ივანიშვილს და 24 საათი ერთად ვიყავით, რა ვქნა ახლა, რა ვილაპარაკო. ასეთ შეხვედრებზე აპელირება შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში , თუ იქ რაღაც მნიშვნელოვანი ითქვა და ის მნიშვნელოვანი უნდა თქვას. მინიშნებით საუბარი, საჯარო სივრცით სარგებლობა იმისთვის, რომ ვიღაცას გზავნილი გაუგზავნო და მერე სხვები დადგნენ და იმარჩიელონ, რაზე საუბრობ – ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა. ასეთ ენაზე საზოგადოებასთან საუბარი არ შეიძლება, თუ მას რაიმე სათქმელი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან, პირადად უნდა ეთქვა, თუ საზოგადოებისთვის, მაშინ უნდა დაეკონკრეტებინა რაზეა საუბარი. მგონია, რომ მას იმ შეხვედრებზე გაუჩნდა განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის სხვადასხვა მოსაზრებებს იზიარებდა, მათ შორის მიმდინარე მოვლენებზე და ახლა იმედგაცრუებულია. გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც გაუგებარ პროცესში მოჰყვა, ცდილობს, რომ აქცენტები ამ წვრილმანი პროცესიდან გადაიტანოს მთლად უფროსზე- ივანიშვილზე“,- აცხადებს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, ლევან ვასაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ვასაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს „არ აქვს უფლება ქვეყნის მმართველი იყოს“. ამასთან, როგორც ვასაძე აცხადებს, ივანიშვილსა და მას შორის შეხვედრა შედგა, თუმცა იგი ამ შეხვედრის შინაარს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ შეხვედრა აპრილში შედგა.