ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგის მთავარი საკითხია

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდი დღეს, 10 დეკემბერს დაიწყო. როგორც ცნობილია, დისკუსიის დღის წესრიგს მთავარ საკითხად ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება დაემატა. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას უკვე ჟენევაში მოითხოვს.

ჩვენი ქვეყნის დელეგაციის მიერ წარდგენილ სხვადასხვა საკითხებს შორის, ასევე საუბარი იქნება მოქალაქეთა უკანონოდ დაკავებაზე, ე.წ. საზღვრის გავლების გაგრძელებაზე, ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვრის დაკეტვით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოუძიებლობაზე.

შეხვედრების პარალელურად, რომლებიც ორი დღე გრძელდება, ჟენევასა და თბილისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქციები გაიმართება. ექიმის დაუყონებლივ გათავისუფლება კვლავ მთავარ მოთხოვნად რჩება.

საქართველოს, რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონების წარმომადგენელთა შეხვედრას თანათავმჯდომარეობას ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები უწევენ.