ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა დაახლოებით 1 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ექიმის მეუღლემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა კი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ შეხვედრის დეტალები კონფიდენციალურია.
როდის გაათავისუფლებენ ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს, კვლავაც უცნობი რჩება.
შეგახსენებთ, ექიმი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.
თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ „იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე“ და იგი არანაირ საზღვარს არ აღიარებს.