ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რადიკალურ პროტესტს მიმართავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების  გადადგმისკენ მოუწოდებს.

„ტყვეობის მეშვიდე დღეს გაგვაგებინეს, რომ ჩატარდა სასამართლო სხდომა, სადაც მას მიესაჯა 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა რუსეთის კანონმდებლობის, 322-ე მუხლის მიხედვით. ეს არის საზღვრის უკანონოდ კვეთა. იმ დღესვე ჩავატარეთ სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პირველი აქცია. მე-8 დღეს, შაბათს, სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალური წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ვაჟა 2-3 დღეში გათავისუფლდებოდა. ეს მოლოდინი გრძელდება დღემდე.

ვითხოვთ, საქართველოს მთავრობისგან მეტად ქმედით ნაბიჯებს და უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინაციო კომისიის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა, 1 თვის თავზეც ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნული“, -აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი.