ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობამ შედეგი არ გამოიღო და ექიმი ისევ საპატიმროში დარჩა.

„ჩვენ, მთელ ოჯახი, კოლეგები და მეგობრები ყველანაირად ვცდილობთ, ვაკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ როგორც ჩანს, სახელმწიფოს ჩართულობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ამ ხმაურმა შედეგი არ მოგვცა. საჭიროა, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ ჩვენი ოჯახის წევრებიც. პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ყველაფერი, შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში უწყებები, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა. საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო გვპირდებოდა, ასპროცენტიან გამოშვებას. როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი, შედეგი არ გვაქვს“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე იგეგმება შეკრება, რის შემდეგაც აქცია გაიმართება საოკუპაციო ხაზთან.