ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის გარდაცვალების გამო.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს.
მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. სამხედრო პოლიციამ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.