სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟს.
რუს ოკუპანტებთან გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მივიდა და გასაუბრება სცადა.
თავზარაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მის კითხვას არ უპასუხეს.
„უმძიმესია ეს ყველაფერი, რასაც აქ ვუყურებთ. კვლავ გრძელდება ეს ყოვლად უკანონო პროცესი. მე ვცადე დავლაპარაკებოდი ამ რუს ფორმიანებს, დავუსვი რამდენიმე კითხვა და მოვთხოვე, რომ შეეწყვიტათ ეს პროცესი. თუმცა, მათ პასუხი არ გამცეს. შემდგომ ერთ-ერთმა მათგანმა მხოლოდ ის თქვა, რომ ბრძანებას ასრულებენ”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
„სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარის განაპირას კვლავ განაახლეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და მნიშვნელოვნად აზარალებს აქ მცხოვრებელთა მდგომარეობას. ყველა უწყება ჩართულია, რომ შეჩერდეს ეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდეს მოსახლეობა. რაც შეეხება სარწყავი წყლის რეზერვუარს, საიდანაც სოფელი მარაგდება, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი” და ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია, რომ თავიდან იქნას აცილებული დამატებითი პრობლემები. მოგეხსენებათ, უკანონოდაა დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე და ამ მიმართულებითაც ყველა ბერკეტის გამოყენება ხდება, რომ უმოკლეს დროში მოხდეს მათი გათავისუფლება”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის მერი გუგუტიანთკარში ჩასვლას გონიოში დასვენების შემდეგ აპირებს