ვეკითხები გამოძიებას – ის, რომ მაკო გომურს არ აქვს თვალი, არის თუ არა ეს დანაშაული? – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს და ძალიან კარგად ვხედავთ, როდესაც პროკურატურა ჩვეულებრივ რიგით საქმეებზეც კი რიგ შემთხვევაში ბრიფინგს მართავს, შემდგომში იბარებს კონკრეტულ პირს და შემდეგ წარუდგენს ბრალს. თუმცა ამ შემთხვევაში პროკურატურა არ საუბრობს ღიად და მკაფიოდ და მხოლოდ გენერალური პროკურორის აბსურდული განცხადებებით შემოიფარგლება, რომ თურმე მაკო გომური ვერ იქნება დაზარალებული, ვინაიდან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. ეს არის სიცრუე. კანონმდებლობა იძლევა ამის სრულ საფუძველს. მაკო გომური დაზარალებულად უნდა იყოს აღიარებული არათუ ხვალ და ზეგ, არამედ ის უკვე უნდა ყოფილიყო დაზარალებულად ცნობილი 21-22 ივნისს, თუმცა ეს არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლებას, გამოძიებას არ სურს აღიაროს, რომ შესაძლოა, დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი სამართალდამცველების მხრიდან. ის ინდივიდუალური შემთხვევები, მხოლოდ 4 შემთხვევა დაზარალებულად ცნობისა, ეს მათთვის აღიქმება, როგორც ინდივიდუალური სამართალდამცველების მხრიდან კანონის დარღვევა, თუმცა თუ ათეულობით პირის დაზარალებულად აღიარება მოხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემას ჰქონდა ჩავარდნა და დაუშვა დიდი ალბათობით დანაშაული. ხელისუფლების და პროკურატურის მოტივაცია გასაგებია ჩემთვის, თუმცა ეს გაუგებარია კანონისთვის.
16 საქმეზე პროკურატურამ და სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი უარი გვითხრა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. თურმე, ამ ქვეყანაში აუცილებელი ყოფილა, რომ კონკრეტული პირის იდენტიფიცირება მოხდეს ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში დანაშაული იყოს ჩადენილი. ახლა ვეკითხები გამოძიებას – ის, რომ მაკო გომურს არ აქვს თვალი, ეს არის თუ არა დანაშაული?! რაც უფრო მალე გადადგამს ხელისუფლება ამ ნაბიჯს და რაც უფრო მალე გამოიჩენს გონიერებას, რომ ეს სტატუსი მიანიჭოს დაზარალებულებს, მით უფრო უკეთესი იქნება მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და ეს მხოლოდ დაზარალებულის სტატუსს არ ეხება, რომელიც მათ შორის ქვეყნის გარეთ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას უკავშირდება“, – განაცხადა სულხან სალაძემ.