ველი შეთანხმების აღსრულებას და პოლიტიკური მოტივით დაკავებულების მყისიერად გათავისუფლებას- სენატორი რიში

სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში და სენატორი, ჯინ შაჰინი, 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურებიან.

ჯიმ რიში აცხადებს, რომ შეთანხმების აღსრულებასა და პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერად გათავისუფლებას ელის.

,,მივესალმები კვირას საერთო განცხადებაში ჩაწერილ დაპირებას, რომელიც მიემართება ქმედებებს, რომლებიც აღიქმება საქართველოს სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზირებად და ველი, რომ პოლიტიკური მოტივით დაკავებულები მყისიერად გათავისუფლდებიან. მე მოხარული ვარ იმ შეთანხმებით, რომელსაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარემ მიაღწია და ველი მის სრულ აღსრულებას მომავალი კვირების და თვეების განმავლობაში. წლის დასაწყისში, მე და ჩემმა კოლეგა სენატორმა შაჰინმა პრემიერმინისტრ გახარიას მივწერეთ და გავუზიარეთ უკანასკნელი მოვლენებით გამოწვეული ჩვენი წუხილები და ვურჩიეთ, რომ საქართველოს მთავრობას ბოლო მოეღო დემოკრატიის უკუსვლისთვის”,- წერს რიში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ შეთანხმება დემოკრატიისთვის წინ გადადგუმული ნაბიჯია.

,,სიამოვნებით ვამბობ, რომ ეს შეთანხმება არის წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის აღდგენისა და კარგი მმართველობისკენ საქართველოში. რადგან საქართველო ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, აუცილებელია, რომ შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს და ყველა მხარისგან მიღებული იყოს”, – ნათქვამია სენატორი რიშის განცხადებაში.

სენატორი შაჰინის თქმით, დადებული შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის.

“მსურს ვნახო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი საარჩევნო სისტემის შესახებ დადებული პირობის აღსრულებისკენ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისთვის”, – წერს სენატორი.

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისფლებას შორის შეთანხმება შედგა. ერთი მემორანდუმის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 130/20 სისტემით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. მეორე მემორანდუმით კი, ოპიზიციის თქმით, პოლიტიკური დევნა შეწყდება და პოლიტპატიმრები ციხეს დატოვებენ.