ველოდები პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას – გვარამიამ 4 თანამშრომელი დაასახელა, რომელსაც პრემიები მისცა

“მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიასა და ნოდარ მელაძის პროკურატურაში დაბარებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

გვარამია აცხადებს, რომ  ის ახალი ბრალის წარდგენას ელოდება.

“მოკლედ, ველოდები ახალი ბრალის წარდგენას და პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას. საქართველოს ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ცნობადი და გავლენიანი სახის, ნიუსის მეფის ზაალ უდუმაშვილისთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა “რუსთავი2“- ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან). არხის ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგის „კურიერის“ (15-16-17-18% amr) მთავარი შემოქმედის,

ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ნიუსავიკის და საავტორო „შაბათის კურიერის“ ავტორი ნოდარ მელაძისთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან), ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტის, ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამის, პოსტსკრიპტუმის (20% amr დაუწერია, რაც მეგაშოუს რეიტინგია) წამყვანის და ავტორისთვის, გიორგი გაბუნიასთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან).

“ რუსთავი2“- ის სუპერ წარმატებული მენეჯერის, როგორც ნიუსის ხელმძღვანელობის, პოლიტიკური თოქშოუს პროდიუსინგის, ასევე პროდაქშენის ხელმძღვანელობაში, ლეგენდარული გიორგი ლაფერაშვილისთვის სამი ტყუპი შვილის შეძენის შემდეგ, პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან)“, – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძე პროკურატურაში  5 ოქტომბერს 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს,ხოლო გიორგი გაბუნია უწყებაში  7 ოქტომბერს არის დაბარებული. პროკურატურაში “რუსთავი 2-ის” საქმეზე ასევე იმყოფებოდნენ ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი.