სამოქალაქო აქტივისტები #სირცხვილიას ორგანიზატორები მანიფესტს აქვეყნებენ, სადაც ითხოვენ რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
“დღეს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის მე-11 დღეს, როცა გაცხადებულია მზაობა 2020 წელს პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ და როდესაც დაიძრა სამართლიანი მართლმსაჯულების პროცესები, რაც გულისხმობს ძალის გადამეტებაზე საქმეების აღძვრასა და ჩვენი უკანონოდ დაპატიმრებული თანამებრძოლების გათავისუფლებას, ძალაში რჩება აქციის მესამე და ფინალური მოთხოვნა: დაკავებული თანამდებობები დატოვოს, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და ვიცეპრემიერმა- გიორგი გახარიამ.
სწორედ სამართლიანი, პრინციპული და უცვლელი მოთხოვნების, პროტესტის მშვიდობიანი ხასიათისა და უკომპრომისობის დამსახურებაა, მრავალმხრივ განსხვავებული ქართული საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრა.” -ნათქვამია განცხადებაში.
ქართული სახელმწიფოებრიობის დამცირებაში ოკუპანტის პარტნიორი და შემდეგ საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლება, თავსაც იტყუებს, როდესაც ცდილობს შექმნას განწყობა, რომ ჩვენს ბრძოლას აზრი არ ან აღარ აქვს. მათ ყოველდღე უწევთ ისეთი რამის აღიარება, რასაც უარყოფდნენ წინა დღეს და ისინი ყოველდღე უფრო და უფრო იმძიმებენ პასუხისმგებლობას, რომლის შესაბამისადაც იხდიან და გადაიხდიან დიდ პოლიტიკურ ფასს.
სრულიად დემოკრატიული საარჩევნო სისტემა არის აქციების მე-4 დღის ისტორიული მონაპოვარი, რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების ერთი ადამიანის ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ხელში საშიშ კონცენტრაციას და მეორე მხრივ, უზრუნველჰყოფს მრავალფეროვან პარლამენტს, იდეების თავისუფალი კონკურენციით და რეალურ დემოკრატიას პრაქტიკაში, საზოგადოების მაღალი ჩართულობით.
თუმცა, ჩვენ არ გვაქვს აქ გაჩერების უფლება, რადგან ჯერ მისაღები გვაქვს მეორე ისტორიული მონაპოვარი, რომელიც ცივილიზებულ ქვეყანაში თავისთავადი და ბუნებრივი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ თითოეული ჩვენგანის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად დადგება.
ჩვენ, მთელ ქვეყანას, ჰაერივით გვჭირდება პრეცედენტი, რომ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა – შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ღირს. რაც უნდა გახდეს, წინაპირობა იმისა, რომ20 ივნისი იყოს ბოლო სისხლიანი თარიღი ჩვენს ისტორიაში!
სანამ გამოძიება დასრულდება, არსებობის უფლება აქვს ორ ვერსიას:
1. ერთი, გახარია იყო სასტიკი ანგარიშსწორების ინიციატორი – და ამ შემთხვევაში, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ეკისრება.
2. ან მეორე, გახარია არის უუნარო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ვერ აკონტროლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ ძალებს და რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებს მათ მიერ მოწყობილი ყოვლად გაუმართლებელი და სრულიად დამთრგუნავი ძალადობის აღკვეთას. მაშინ, როცა მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით მძიმე შედეგების ჩათვლით – ინფორმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ – მთელი ღამის განმავლობაში ყველასათვის მყისიერად ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო იყო.
შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო პროტესტის „სირცხვილია“ს საორგანიზაციო ჯგუფი, ამჩნევს რა ხელისუფლების მორიგ მცდელობებს გახლიჩოს და დაანაწევროს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, ხმამაღლა აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ აქციები გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ გიორგი გახარია არ იქნება გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობებიდან.
აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში სრული თანხმობაა
და ის რაც შეიძლება მალე უნდა დაკმაყოფილდეს!
ველოდებით გახარიას გადადგომას!
რის შემდეგაც, ჩვენი აქცია – დასრულდება.