“დღეს მხოლოდ ერთ რამეს ველოდებით – სამართლის აღსრულებას სმიტების ოჯახისთვის” – ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის რაიონულ სასამართლოში აშშ-ის კონსულმა საქართველოში, ჯენეთ რებერმა განუცხადა.
„ეს სამი მშვენიერი ადამიანია, რომელთაც სამყარო უყვარდათ და რომელთა სიცოცხლე ბოროტების საზარელი აქტით დასრულდა. ისინი ამერიკაში დაიბადნენ, მაგრამ თავიანთი არჩევანით ქართველები იყვნენ. მათ უყვარდათ ეს ქვეყანა. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის და საქართველოს მთავრობას, გამოძიების ჩატარებისთვის“, – განაცხადა რებერმა.
კონსული ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესს ესწრება.აღნიშნულ საქმეზე ნაფიცი მსაჯულები დღეს იმსჯელებენ.სასტიკი მკვლელობა 4 ივლისს მოხდა, რომლის დროსაც სმიტების ოჯახის 3 წევრი მოკლეს.
მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.