თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.
ბრალდებულის ძმა, ლუკა კალანდია სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა.
„ველოდებით უალტერნატივოდ გამამართლებელ განაჩენს. ეს იქნება სამართლებრივი განაჩენი“,- თქვა ლუკა კალანდიამ სასამართლოს დაწყებამდე.
სასამართლოში მივიდა ზაზა სარალიძეც, თუმცა სასამართლოს დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
„დღეს არის სასამართლო განაჩენის გამოცხადების სხდომა. ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მხრიდან იქნება მიღებული ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“,- ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.