შესაძლოა, დეკანოზის მოკვლა სურდეთ – ადვოკატის სკანდალური განცხადება და მიმართვა პატრიარქს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი ამ გადაწყვეტილების გამო სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ შესაძლოა, დეკანოზის მოკვლა სურდეთ.

ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დეკანოზის დიაგნოზზე ექიმი არ საუბრობს.

“დიაგნოზის შესახებ პაციენტის უფლების კანონიდან გამომდინარე, დიაგნოზს არ ვასაჯაროებ. ეს პაციენტისთვის ცნობილია. მისი მდგომარეობდა შეფასდა როგორც სტაბილური და გაეწერა კლინიკიდან”,ამბობს ღუდუშაურის კლინიკის ექიმი. 

შექმნილი ვითარების გამო მიხეილ რამიშვილი პატრიარქს მიმართავს, დეკანოზის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან უშამდგომლოს. ადვოკატი ილია მეორეს პირდება, რომ დეკანოზი პატრიარქს თავად დაარწმუნებს, რომ უდანაშაულოა.

“მამა გიორგი კი არ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, არამედ ისეთივე ქმედება განახორციელეს, როგორც ის მოიპარეს თავის დროზე აეროპორტიდან. ჩვენ არანაირი გაფრთხილება არ მიგვიღია და შემთხვევით გავიგეთ, რომ წერდნენ. ორი საათის განმავლობაში საპატრიარქოს სამსახურიდან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ყველანაირი პირობა შექმნეს, რომ ჩვენ სამედიცინო დოკუმენტაცია არ აგვეღო, რაზეც გიორგი მამალაძის ხელმოწერა იყო საჭირო”,ამბობს მიხეილ რამიშვილი. 

მისივე ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი ექიმზე ზემოქმედებას ახორციელებდა და სწორედ ამ დროს გახდა შეუძლოდ ექიმი.  

“ისეთი თვალებით მიყურებდა, სასაკლაოზე რომ წაიყვან ადამიანს”,თქვა მიხეილ რამიშვილმა დეკანოზზე. 

“გევედრებით, თქვენ არ დაგინახავთ მისი თვალები”, ამბობს ადვოკატი. 

პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლლეობის მომზადებისთვის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას ჰიპერტონული კრიზი ქონდა, თუმცა ამ დრომდე პატიმარს კლინიკაში დიაგნოზი ვერ დაუდგინეს. ოჯახის ინფორმაციით კი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი საკანში დაბრუნება შესაძლოა ფატალური შედეგებით დასრულდეს.