“ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმულ ყველა შენიშვნას გავითვალისწინებთ “-ირაკლი კობახიძე

“გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის აზრით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი  სამართლებრივ პრინციპებს სრულად შეესაბამება.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან. უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ ვიხელმძღვანელეთ ევროსაბჭოს საკვანძო რეკომენდაციებით და კონსტიტუციის შესაბამისი პრინციპებით, როდესაც ვამუშავებდით ამ დოკუმენტს და როდესაც შევიმუშავეთ კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, არ ველოდებით რაიმე სერიოზულ შენიშვნებს ვენეციის კომისიის მხრიდან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

“ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან. გაგრძელდება მუშაობა, საქართველოში ჩამოდიან ვენეციის კომისიის ექსპერტები. შედგება მათი ვიზიტი 1-2 აპრილს და ჩვენ გვექნება, ბუნებრივია, მათთან საუბარი და მათთან შეხვედრა. ამის შემდეგ მომზადდება უკვე საბოლოოდ დასკვნა და ერთად ვიმსჯელებთ ამ დასკვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, ზოგადად, დასკვნის გათვალისწინების პრაქტიკულ შესაძლებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გადავდეთ ორი კვირით, მეორე მოსმენით მიღება, გვაქვს იმის საშუალება, რომ დასკვნა ავსახოთ სათანადოდ მეორე მოსმენით კანონპროექტის მიღებისას”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

1-2 აპრილს საქართველოში ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩამოვლენ, რის შემდეგაც კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა მომზადდება.