“ვენეციის კომისიის მხრიდან სათაურის გარდა, ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული” ბესელია

ეკა ბესელიამ საგანგებოდ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ვენეციის კომისიის დასკვნა მოსამართლეების არცევის კანონპროექტთან დაკავშირებით მწვავე და კრიტიკულია.

მისი თქმით, დასკვნის მიხედვით, გაკრიტიკებული არ არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკულადაა შეფასებული.

ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომისიის მიერ გაკრიტიკებულია კრიტერიუმები, კენჭისყრის პროცესი, ინტერესთა კონფლიქტის არსებული მოდელი.

„ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები უკვე მომზადებული და გასაჯაროებულია, ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ დასკვნა არის დადებითი მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტისთვის, ცრუობს ან საკუთარ თავს იტყუებს, დასკვნა საჯაროა და ყველას შეუძლია, ნახოს, არის უმძიმესი, უმკაცრესი, ძალიან კრიტიკული შეფასებები. ის, რაც არ არის გაკრიტიკებული არის კანონპროექტის სათაური, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული, დარჩენილია მხოლოდ კანონპროექტის ყდა,“ – აღნიშნა ბესელიამ.