ვენის და ამსტერდამის რეისები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები უნდა ჩამოეყვანა, გაუქმდა

ავიაკომპანია აირზენა – საქართველოს ავიახაზების მიერ დაგეგმილი ვენისა და ამსტერდამის რეისები, რომლებსაც ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები უნდა ჩამოეყვანა, მთავრობის გადაწყვეტილებით გაუქმდა. უცნობია, რა ბედი ელით იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამ რეისებზე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მზად ვართ, ნებისმიერი მიმართულებით შევასრულოთ რეისები, თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მითითება. ამ რეგულარული რეისებიდან ნებართვა გვაქვს ხვალ ბერლინზე, არ გვაქვს ნებართვა დღეს ვენაზე, ხვალ არ გვაქვს ნებართვა ამსტერდამზე და ზეგ არ გვაქვს ნებართვა პარიზზე. ჩვენ რეგულარული რეისების შესასრულებლად ვიყავით მზად და ახლაც ვართ. შეგვიძლია ახლავე გავფრინდეთ და ჩამოვიყვანოთ“, – აცხადებს „ჯორჯიან ეარვეისის დირექტორი რომან ბოკერია.

საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ დაგეგმილი რეისის გამო ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ასეულობით კილომეტრი გაიარეს ვენამდე და ამსტერდამამდე, ახლა კი აღარ იციან რა ბედი ელით. ისინი ვერც აეროპორტიდან გადიან და ვერც სამშობლოში ბრუნდებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ შესაბამისმა უწყებებმა „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად, მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კონკრეტული გეგმა უნდა შეიმუშაონ.

„მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო ქართული ავიაკომპანიის „აირზენას“ მიმართ. ჩვენ აუცილებლად კოორდინირებულად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ ავიაკომპანიასთან ერთად უნდა დავგეგმოთ ამ ადამიანების გამოყვანა“, – განაცხადა ზალკალიანმა. 

ეკონომიკის მინისტრი კი აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილება ფრენაზე იქნება შეთანხმებული ხელისუფლებასთან, რადგან  ის ადამიანები, ვინც ჩამოდიან  უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი კარანტინით.“ ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთი თანმიმდევრობით, როგორიც იქნება ჩვენთვის ყველაზე უფრო უსაფრთხო. ჩვენ გავაუქმეთ საგანგებო ვითარების პირობებში რეისები, შეთანხმება არის, რომ მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება იმ გრაფიკით და იმ თანმიმდევრობით, როგორც იქნება ჩვენთან შეთანხმებული, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას და ამ პროცესის დაცვას და აქედან გამომდინარე, ეს ასე გაგრძელდება და არა რომელიმე კომპანიის ცალეული ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ეს დღეს არის მეორე ხარისხოვანი.

ნათია თურნავას განცხადებით  მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უნდა მოხდეს ორგანიზებულად, დაგეგმილი რეჟიმის და გრაფიკის მიხედვით, იმიტომ, რომ “დღეს მთავარი პრიორიტეტი არის მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.“

რაც შეეხება ვენასა და ამსტერდამში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს, ეკონომიკის მინისტრი არ აკონკრეტებს, რა ბედი ელით მათ.