ვერ შეთანხმდნენ, თუმცა კიდევ ერთხელ ცდიან.რა შედეგით დასრულდა ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა

ვერ შეთანხმდნენ, თუმცა კიდევ ერთხელ ცდიან.რა შედეგით დასრულდა ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით და მონაწილეობით შერატონ მეტეხი პალასში 4 საათს გაგრძელდა.ხელისუფლების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.ოპოზიციის მხრიდან კი შეხვედრას დაესწრნენ გიგა ბოკერია ევროპული საქართველოდან, გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციიდან, დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობიდან, ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები – აკაკი ასათიანი და ნინო ბურჯანაძე. შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების პოზიცია იმის შესახებ, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება ურყევია და არ შეიცვლება. თუმცა ხელისუფლება მზად არის განიხილოს ოპოზიციის მიერ შეთავაზებული პაკეტის ერთი კომპონენტი– მრავალმანდატიანი ოლქების საკითხი:

“საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს წინადადება ორივე მხარის წინაშე, ხომ არ გვემსჯელა მხარეებს იმაზე, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, სადაც საქართველოს პარლამენტი არის ნახევრად მაჟორიტარული და ნახევრად პროპორციული და არა სრულად პროპორციული, როგორსაც ამას ოპოზიცია ითხოვს, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში ხომ არ გვემსჯელა, რომ საქართველოს პარლამენტის ერთი ნახევარი იყოს არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული, არამედ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული, ოღონდ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ ვიმსჯელოთ, რატომაც არა, განვიხილოთ ეს წინადადება, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ზეპირად წაიკითხა და შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება, ჩავიხედოთ დეტალებში და ოპოზიციამაც განაცხადა იგივე, რომ მათ დასჭირდებათ შიგნით მსჯელობა, კონსტულტაციები და შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, მოსწონთ, აწყობთ თუ არა პოლიტიკურად ეს მოდელი,” – განაცხადა წულუკიანმა.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება.

შეხვედრის შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მიღწევაა, როცა ხელისუფლება, რომელიც საერთოდ არ განიხილავდა არავითარ დათმობას დათანხმდა მრავალმანდატიანი ოლქების საკითხის განხილვას. ბოკერია თვლის, რომ ეს ქართული საზოგადოების წნეხის და საერთაშორისო ზეწოლის დამსახურებაა.

ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრის შემდეგ აცხადებდნენ, რომ ისინი არც აქციებს წყვეტენ და არც გერმანული მოდელისთვის ბრძოლას, რომელზე პასუხსაც ეუთოსგან და ოდირისგან ელოდებიან. მანამდე კი საერთაშორისო პარტნიორების შეთავაზების თანახმად მრავალმანდატიანი ოლქების შემოღების საკითხს განიხილავენ და შემდეგი შეხვედრისთვის მოამზადებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხაზს უსვამს, რომ ოპოზიცია ფაქტიურად დათმობაზე წავიდა და გერმანული მოდელის ნაცვლად მრავალმანდატიან ოლქებზე მსჯელობაზე გადავიდა, რაც მისი აზრით კარგია.

“შემდეგი თემა იქნება არსებული კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში რისი გაკეთება შეგვიძლია მაჟორიტარულ ნაწილში, რათა არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი. მოვემზადებით ჩვენ და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მოვიტანთ არგუმენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებების თემა იცვლება და განვიხილავთ არსებული შერეული მოდელის ფარგლებში მაჟორიტარების არჩევის ცვლილებებს.

ასე რომ მივესალმებით რომ ნორმალურ კალაპოტში ბრუნდება პროცესი და რეალურ საკითხებზე გვექნება მსჯელობა. “– აცხადებს თალაკვაძე.

შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ ერთ კვირაში გაიმართება.