ახალქალაქში, პოლიციასა ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულები კლინიკიდან სახლებში გაწერეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ინციდენტი გუშინ მოხდა. თვითმხილველების თქმით დაპირისპირება პოლიციის მხრიდან ძალიან გადამეტებამ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ახალქალაქში მოძრაობის წესების დარღვევისთვის პოლიციამ მძღოლი გააჩერა. მისი დაჯარიმებისას კი რამდენიმე ადგილობრივმა პატრულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობაც გაუწია. ინციდენტის შემდეგ ახალქალაქში დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობენ. ისინი პირად საუბრებში ამბობენ, რომ შესაძლოა მათზე გარკვეული ზეწოლა განხორციელდეს.
„არაფრის თქმა არ შეგვიძლია, ყველა იქ ვიყავთ მაგრამ ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ყველას ეშინია. არ გვინდა ლაპარაკი, რომ არაფერი დაგვმართონ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ. ყველა რეგიონში ასე ხდება,. ჩვენთან პატრული არასწორად მუშაობს. 13 წლის ბავშვი და ქალებს სცემეს. ეს არასწორია,“-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
დაზარალებულებს შორის არიან 13 წლის ბავშვი და ქალი. თუმცა ისინი ამბობენ, რომ არაფერი მომხდარა. ინციდენტის დეტალებზე მხოლოდ ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ.
“პატრულმა ის ბიჭი გადმოათრია მანქანიდან და ასფალტზე დაიწყო მისი ცემა. ამ დროს მისი ძმა მოვიდა და უთხრა როგორ ექცევითო და ამ დროს მისი დაკავებაც დაიწყეს. დაიწყო სული უკანონობა. პისტოლეტის გამოყენებით, 13 წლის ბიჭი და მისი ძმა ფეხებით სცემეს. ამის შემდეგ კი პოლიციელების დაკავების ნაცვლად ისევ ეს უდანაშაულო ხალხი დააკავეს,“-განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აშოტ რაისიანმა.