“ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, ვფიქრობ, ეს კარვებიც მშვიდობიანად უნდა აიკეცოს“-ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილის აზრით,  მალხაზ მაჩალიკაშვილი უნდა დააკავონ, პარლამენტის წინ კარვების აქცია კი მშვიდობიანად უნდა დასრულდეს.

“არავითარი საფუძველი არ მაქვს, სარწმუნოდ არ მივიღო ის ინფორმაცია, რაც დახურულ შეხვედრაზე გაახმოვანა სუს-ის უფროსმა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, ძალიან ბევრ ეპიზოდზე მივიღეთ სიღრმისეული განმარტებები, დარბაზში არცერთ დეპუტატს შეკითხვა აღარ დარჩა, რა მოხდა პანკისში ამ თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება, ყველა ფაქტზე დეტალურად ვისაუბრო.

ის, რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ტერორისტულ ჯგუფს, ამ ჯგუფის წევრები გეგმავდნენ სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და იყო ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფი, ამის დამადასტურებელი მასალები ჩვენ ვიხილეთ, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით.

თუ დღეს გავრცელებული ჩააწერის ავთენტურობა დამტკიცდება, ძალიან მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე. თუმცა ვფიქრობ, ავთენტურობა ეჭვქვეშ რომ იდგეს, სუს-ი ამ განცხადებას არ გაავრცელებდა“,- განაცხადა ინაშვილმა.