““ვიბრძოლებთ ბოლომდე ისე, როგორც ეს ნიკა გვარამიამ გვასწავლა“–კვესიტაძე “კვირის აქცენტებს“ მარტო წაიყვანს

რუსთავი2–ს გადაცემა “კვირის აქცენტების“ წამყვანი, ეკა კვესიტაძე გადაცემას დღეს ნიკა გვარამიას გარეშე წაიყვანს. მისი თანაწამყვანი და რუსთავი2–ის დირექტორი სამი დღის წინ არხის ახალმა მფლობელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ გადაცემას გააგრძელებს მანამ, სანამ მას არ დახურავენ:

“მეგობრებო, დღე კვირის აქცენტები იქნება. უნდა ვაღიარო, რომ ეს იქნება ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე ეთერი – ეს გადაცემა ერთი წლის განმავლობაში მიმყავდა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემთვის იდეისთვის თავგანწირული ბრძოლის საუკეთესო მაგალითი იყო, ვინც მაძლევდა იმის რწმენას, რომ ჩვენ თავისუფალი მედიისთვის დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანდით, ვისიც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში მჯეროდა და მჯერა – დღეს ეს ადამიანი ჩემს გვერდით აღარ იქნება, თუმცა მხოლოდ სტუდიაში. მაგრამ “კვირის აქცენტების” სტუდიაში ვიქნები მე, სანამ ამ გადაცემას არ დახურავენ – რადგან დღეს თავისუფალი მედიის დაცვის ფრონტის ხაზი ისევ რუსთავი 2-ზე გადის – მე არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბრძოლა, რამდენი დღე, კვირა, ან შესაძლოა თვეც – მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე ისე, როგორც ეს ნიკა გვარამიამ ამ 7 წლის განმავლობაში გვასწავლა. და რაც მთავარია, ვიბრძოლებთ მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ში დავმარცხდებით. დღეს საღამოს მხოლოდ იმის შემეშინდება, რომ როცა სტუდიაში მარტო შევალ, ცრემლებმა არ დამამარცხოს, ისე როგორც მამარცხებს ახლა, ამ სტატუსის წერისას“– დაწერა ეკა კვესიტაძემ ფეისბუქზე.