“ვიმედოვნებ, აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობა შენარჩუნდება” – ეუთოს წარმომადგენელი კაპანაძის იმპიჩმენტზე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის თემას ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი გამოეხმაურა. დეზირმა საკუთარი ტვიტერის  ოფიციალურ ანგარიშზე განცხადება გამოაქვეყნა.

“თვალს ვადევნებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის  ტელევიზიისა და რადიოს  დირექტორის, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ  ბრალდებებთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ მაუწყებელი გააგრძლებს შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი მანდატი, ემსახუროს საზოგადოებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული”, – წერს დეზირი.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით  ბორდს  მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა 11 აპრილს მიმართა.

ამ  საკითხზე სხდომა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში 19 აპრილს არის დაგეგმილი.

12 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მრჩეველთა საბჭოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვისაკენ მოუწოდეს და შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის ნიშნებზე ისაუბრეს.