გიორგი ქობულია დუმილს არღვევს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი შაბათის კურიერთან ინტერვიუში ყვება, როგორ აიძულებდნენ მას, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა. ქობულია არ მალავს, რომ პრემიერმინისტრის ზეწოლას არ დასთანხმდა და საბოლოდ ის გადააყენეს.
გიორგი ქობულია ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ არ ახსენებს, თუმცა მიანიშნებს, რომ დაპირისპირება კონკრეტულ თემებზე სწორედ პარტიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ჰქონდა.
გიორგი ქობულია პირველად ალაპარაკდა იმ მიზეზებზეც, რის გამოც მასსა და მთავრობის ხელმძღვანელს შორის უთანხმოება დაიწყო.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რონ ხედვები, რომელიც მას თანამდებობაზე დანიშვნის დასაწყისში ჰქონდა, მოგვიანებით ქართული ოცნების ხელისუფლების ხედვებთან წინააღმდეგობაში მოვიდა და პოზიციები გაიყო.
ვინ აჩერებდა და რატომ ბლოკავდნენ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მინისტრის ხედვით, ქვეყნის კრიზისში მყოფი ეკონომიკა უნდა ეხსნა, ქობულია არ აკონკრეტებს, თუმცა, კურიერის ინფორმაციით, დაპირისპირება მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონკრეტული ობიექტების გადაცემის მოთხოვნით დაიწყო. გიორგი ქობულიამ ამ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ღიად მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მოსაზრებების სისწორეში ბიძინა ივანიშვილმა მისი დარწმუნება ვერ შეძლო.
რომელი კონკრეტული ობიექტის და ვისთვის გადაცემას მოითხოვდა ქართული ოცნების თავმჯდომარე, გიორგი ქობულია საიდუმლოდ ტოვებს ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილთან მისი ბოლო შეხვედრის დეტალებს.