ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხევევა იტალიიდან დღეს ჩამოსულებს არ უკავშირდებათ.
მისი თქმით, 8 ინფიცირებულიდან 5-ს კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ ექიმ ქალთან, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. ეს 5 ადამიანი ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან ქალთან ერთად კვლევის დროს მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა დღეს ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
ცერცვაძე ამბობს, რომ დანარჩენი სამი პაციენტი მეორე კლასტერთან არის დაკავშირებული. ქვეყანაში ამ დროისთვის სულ 2 ჯგუფი/კლასტერი იკვეთება, რომლებიც იტალიაში მოგზაურობდა.
ცერცვაძე აცხადებს, რომ შიდა გადაცემა ქვეყანაში ჯერ არ ფიქსირდება.
ის ასევე აღნიშნავს, რომ 8 ახალი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 1 საათის წინ მიიღეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევა ფიქსირდება.