ვინ არიან საქართველოში კორონავირუსით ახალი ინფიცირებულები

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამი ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი ახლახანს დაუდასტურდა,ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი მოგზაურობის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ ერთი ახალი სავარაუდო შემთხვევაა, რომელიც აჭარაში დაფიქსირდა.

„სამი ახალი შემთხვევა არის არაევროპული ეტიმოლოგიის. ეს გახლავთ ოჯახი, რომლებმაც იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტზე, არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის. ასევე გვაქვს ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევა აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას ამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული.