ვინ არის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც სირიაში მოკლეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავეა, რომელზეც აშშ-ს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

2011 წელის ოქტომბერში, აშშ-ის ხელისუფლებამ ალ-ბაღდადი ოფიციალურად გამოაცხადა ტერორისტად და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

ალ-ბაღდადს ახასიათებენ როგორც კარგად ორგანიზებულ და დაუნდობელ მეთაურს, რომელმაც ომის წარმოების ტაქტიკა კარგად იცის.

„ბიბისის“ ცნობით, ის ერაყის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სამარაში 1971 წელს დაიბადა და მისი ნამდვილი სახელია იბრაჰიმ ავად ალ-ბადრი.

გავრცელებული ცნობით, 2003 წელს ალ-ბაღდადი ერაყის ერთ-ერთ მეჩეთში მსახურობდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ის ჯერ კიდევ სადამ ჰუსიენის მმართველობის დროს ჯიჰადის მიმდევარი იყო. მეორე ვერსიით, მისი რადიკალიზაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს და რამდენიმე წელი ერაყის სამხრეთით მდებარე ამერიკულ ბაზა კემპ-ბუკაში გაატარა, სადაც „ალ-ქაედას“ სამხედრო მეთაურებიც ჰყავდათ დაკავებული.

2010 წელს ალ-ბაღდადი ერაყში „ალ ქაედას“ ლიდერი გახდა. მოგვიანებით ეს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში შევიდა. ალ-ბაღდადის გავლენა მას შედეგ გაიზარდა, რაც მან სირიაში კიდევ ერთ ტერორისტულ დაჯგუფება ალ-ნუსრას ფრინთან გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები გამართა.

ბოლოს ალ-ბაღდადი საერთაშორისო მედიაში 2019 წელს გამოჩნდა, როდესაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ მისი გამოსვლის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. მანამდე, ის მედიამ 2014 წელს ნახა, როდესაც ალ-ბაღდადიმ ერაყის ქალაქ მოსულიდან მომხრეებს მიმართა და სირიასა და ერაყში „სახალიფოს“ შექმნის შესახებ განაცხადა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი „როიტერსთან“ საუბარში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას ადასტურებს.