რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე გრიგორი კარასინის შემცვლელის პოსტზე ივან ვოლინკინის კანდიდატურა განიხილება.
60 წლის დიპლომატმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი 1981 წელს დაამთავრა.
ვოლინკინი სსრკ-სა და რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებებში მუშაობდა იუგოსლავიაში, აშშ-ში, სერბეთსა და მონტენეგროში, ასევე საქართველოსა და მაკედონიაში.
2009-დან 2013 წლამდე იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილე და სამინისტროს გენერალური სამდივნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
2013 წლიდან 2018 წლამდე, რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში. 2017 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ივან ვოლინკინს საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებს მათ შორის დიპლომატიური საქმიანობა და ოჯახი.ის საქართველოში რუსეთის ელჩიც იყო. საქართველოში 2007 წელს კი ის პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს და საქართველოდან გააძევეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ვოლინკინი იმდროინდელმა ხელისუფლებამ სხვა რუს დიპლომატებთან ერთად ჯაშუშურ საქმიანობაში დაადანაშაულა.
ივან ვოლინკინის მეუღლე ქართველი სვეტლანა რამიშვილია. ივან ვოლინკინის და სვეტლანა რამიშვილს ოთხი შვილი ჰყავთ.მათი 2 შვილი კი თბილისში ცხოვრობს.
სვეტლანა რამიშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მან რუსული საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ბაბუა იყო “მამელუკის” ავტორი, მწერალი კონდრატე თათარიშვილი.
დედის მხრიდან სვეტლანა რამიშვილის ბაბუა სომეხია, ბებია კი – რუსი. გავრცელებული ინფორმაციით, ივან ვოლინკინს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ზვიად გამსახურდიას ნეშთის საქართველოში გადმოსვენებაში.
შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინი თანამდებობას ასაკის გამო ტოვებს. კარასინი 70 წლის ხდება, ხოლო კანონმდებლობის თანახმად 70 წლის ასაკის ზემოთ მყოფ პირს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ აქვს.