მასწავლებელმა კენიის ერთ–ერთი სოფლიდან, რომელიც საკუთარი ხელფასის დიდ ნაწილს ღარიბი მოსწავლეების დასახმარებლად გასცემს, მასწავლებლის გლობალური ჯილდო (Global Teacher Prize) და ამ ჯილდოსთვის შესაბამისი პრემია – მილიონი დოლარი მიიღო, როგორც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელმა.
პიტერ ტაბიჩი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი და ფრანცისკანელების ორდენის წევრია. ტაბიჩი ყოველთვიურად საკუთარი ხელფასის 80%–ს ყველაზე ხელმოკლე მოსწავლეების წიგნებსა და სასკოლო ფორმაში ხარჯავს. ამ ბავშვებიდან ბევრი ობოლია. მისი სკოლა სოფელ ნარუკუში მუდმივად საარსებო თანხების სიმცირეს განიცდის.
ტაბიჩი ამბობს, რომ სკოლაში მასწავლებლები და სასკოლო ინვენტარი არ ყოფნით. თითო კლასში აქ საშუალოდ 70–80 ბავშვია. ბევრი ბავშვი ყოველ დილით სკოლამდე ფეხით ექვს კილომეტრს ან უფრო დიდ მანძილს გადის.“ფული ყვველაფერი არ არის“ – ამბობს პიტერი. მას იმედი აქვს, რომ ბავშვებს მეცნიერებას შეაყვარებს.
ტაბიჩი იმ ოჯახებსაც ხშირად სტუმრობს, რომელთა ბავშვები გაკვეთილებზე არ დადიან და მშობლებს, რომლებიც არასრულწლოვანი გოგოების გათხოვებას აპირებენ, არწმუნებს, რომ მათ სკოლის დამთავრების უფლება მისცენ.
მის მოსწავლეებს არაერთი ჯილდო აქვთ მიღებული ნაციონალურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში.
მასწავლებლის გლობალური პრიზის ფონდ Varkey Foundation – ის მიერ ყოველწლიურად გაიცემა.ჟიური 150 ადამიანისგან შედგება.
პრიზის მიზანი მისი დამფუძნებლის, ინდოელი ბიზნესმენის სანი ვარკის თქმით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის გაზრდა და იმ ადამიანების შთაგონებაა, ვისაც მასწავლებლობა უნდა.
წელს გამარჯვებული ათი ათასზე მეტი პრეტენდენტიდან აირჩიეს, რომლებიც 179 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი. ათ ფინალისტს შორის ქართველი მასწავლებელი, სოფელ ჩიბათის საშუალო სკოლის პედაგოგი ლადო აფხაზავაც იყო.