ახალშობილის გაყიდვის მცდელობა 13 000 დოლარად – გასულ კვირას ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ქალი, რომელსაც სამშობიაროში ბავშვის მოშორების ნაცვლად მისი გაყიდვა შესთავაზეს, ამ დრომდე გირაოს, 2 000 ლარს ვერ იხდის.
მასზე უფრო ვრცლად მისი ადვოკატი, ნათელა ჩერქეზია „იმედის კვირაში“ საუბრობს.
„37 წლის არის, ძიძად მუშაობდა. მისი ფეხმძიმობის შესახებ ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. ჰყავს სტუდენტი ქალიშვილი, არც მან იცოდა ფეხმძიმობის შესახებ. მას უმამოდ ზრდის, დღე და ღამ მუშაობს.
ამ სოციალურმა ფონმა დანაშაულამდე მიიყვანა. ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია. დაუძლურებულია.
გაანალიზებული აქვს, რომ ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდა, როგორც მოშორებით, ასევე გაყიდვით“, – ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.
საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.