“რუსთავი 2-მა” კომპანია “იპსოსის” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა უმრავლესობის, 31%-ის აზრით, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს.
გამოკითხულთა 29% ფიქრობს რომ ყველაზე დიდი გავლენა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აქვს. 28% კი გავლენიან პოლიტიკოსად შს მინისტრ გიორგი გახარიას ასახელებს.
გამოკითხულთა 23% ყველაზე დიდი გავლენის მქონე პოლიტიკოსად პრემიერ-მინისტრს ასახელებს. 18% კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ასახელებს.
16% ირაკლი კობახიძეს აღიქვამს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად.
კვლევა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” დაკვეთით IPSOS-მა მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩაატარა. კვლევისთვის
შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 1 540 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარი +/–2.2%-ია.
IPSOS 1975 წელს დაარსდა და წარმომადგენლობა 87 ქვეყანაში აქვს. საერთო ჯამში, კომპანიას 16 530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკეტინგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.