ვინ დატოვებს უმრავლესობას

უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებების მიხედვით არ არის გამორიცხული, უმრავლესობა ახლო მომავალში რამდენიმე წევრმა დატოვოს. მათ შორის ერთ–ერთი ეკა ბესელია იქნება, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი გუნდის წევრებს შორის საჯარო პოლემიკის დასრულების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ის და რამდენიმე თანამებრძოლი არჩევანის წინაშე დგანან. ბესელია ამბობს, რომ რამდენიმე დღეში მიღებს გადაწყვეტილებას შეძლებს თანაგუნდელებთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას თუ ვერა.
სავარაუდოდ კიდევ ერთი დეპუტატი, ვინც უმრავლესობას დატოვებს, ლევან გოგიჩაიშვილი იქნება. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ის უკმაყოფილებას არ მალავდა.

“ჩემთვის ისიც მიუღებელია კატეგორიულად შენ უთხრა ასიათასობით ადამიანს, რომ შენ თუ მაგალითად არ მოგწონს გვრიტიშვილი და შენ თუ ამას იტყვი, ხარ ნაციონალური მოძრაობა. ეს არის შეურაცხმყოფელი. შენ რომ ეუბნები ადამიანს, რომ რაც გიკეთეს ეს ნორმალური იყო და მოდი მივცეთ შანსი ამ კაი ბიჭებს რომ იქნებ შეიცვალონ – ეს შეურაცხმყოფელია .

ჩემ თავში გადაწყვეტილება მიღებულ მაქვს, მაგრამ ამას გავახმოვანებ იმ დროს, როცა ჩავთვლი საჭიროდ.
“ – უთხრა ჟურნალისტებს გოგიჩაშვილმა.
სავარაუდოდ გუნდის დატოვებაზე ე.წ. ამბოხებულები ფიქრობენ, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა ათკაციანი სია გააპროტესტეს.  უმრავლესობა გუშინ უკვე დატოვა გედევან ფოფხაძემ.
დღევანდელი შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდი იქნას შენარჩუნებული; გუნდის ყველა წევრი იქნას შენარჩუნებული მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა შეუთანხმებელი თუ შეთანხმებული განცხადებები გაეკეთებინა ან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა. ჩვენ გვყავს გუნდში ძალიან დამსახურებული ადამიანები, რომლებსაც 2011 წლიდან კიარა, კიდევ უფრო ადრე, ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. ყველა მათგანს ვცემთ პატივს და ასევე ვცემთ პატივს გუნდურობას, რომლის დაცვაც ყველას ვალია”.
მდინარაძის თქმით, უახლოეს დღეებში გაჟღერდება მათი თანაგუნდელების გადაწყვეტილება: “მიზეზსაც თვითონ ახსნიან და დაველოდოთ”.