მთავარი არხის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა.
არხი ასაჯაროებს გაერთიანებული ოპოზიციის 7 სავარაუდო მაჟორიტარულ კანდიდატს, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს იყრიან, თუ ხელისუფლება არჩევნებს არსებული მოდელით ჩაატარებს.
გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები, მთავარი არხის ცნობით, იქნებიან: ევროპული საქართველოდან დავით ბაქრაძე და ელენე ხოშტარია, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი — შალვა ნათელაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და ზაალ უდუმაშვილი, პარტია ახალი საქართველოდან გიორგი ვაშაძე.
მათი ნაწილი ჯერჯერობით არ ამბობს, რომელ ოლქში იყრის კენჭს, იქნება ეს თბილისის თუ რეგიონის, თუმცა ადასტურებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე თანხმდება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ 4 აპრილს , ოპოზიციის მასშტაბურ აქციაზე გახდება ცნობილი.
ოპოზიციამ არჩევნებზე საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო. შემდეგ ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ, ამ ფორმატზე ოპოზიციამ უარი თქვა.
ხელისუფლება მათ მოუწოდებს, რომ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნები არსებული შერეული მოდელით ჩატარდება.