51-ე სკოლის “ჰიმნის” რეჟისორი “რუსთავი-2-თან ზეწოლის შესახებ საუბრობს.
გიორგი ლასარეიშვილმა ის კლიპი გადაიღო, რომელსაც სავარაუდოდ, გუშინ მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
რეჟისორი აცხადებს, რომ მას ჯერ ტექსტი შეაცვლევინეს და კლიპიდან სიტყვა “ქურდული” ამოაღებინეს, ხოლო გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი კლიპის მთლიანად წაშლას ითხოვდნენ.
ლასარეიშვილი ვერ აკონკრეტებს ვისი მხრიდან იყო კლიპის წაშლის მოთხოვნა, თუმცა ვარაუდობს რომ ეს დირექციის მხრიდან მოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბოლო ზარის დროს 51-ე სკოლის მიმდებარედ მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა. სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მე-12 კლასელების ერთი ნაწილი იმის გამო გაბრაზდა, რომ კლიპში ქუჩური მენტალიტეტი გააშარჟეს.
ჯერჯერობით კლიპი წაშლილი არ არის და მისი ნახვა ყველას შეუძლია.