ირაკლი ოქრუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2014 წელს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მისცა ჩვენება და ამავე პერიოდში ივანიშვილთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა, რისთვისაც შუამავლად, მისი განცხადებით, დავით უსუფაშვილი აარჩია.
“რადგან ბინძური თეთრეულის გამოფენა თვითონ დააპირეს, მეც ანალოგიური მეთოდით ვუპასუხებ – 2014 წელს პირველ აპრილს ვარ დაკითხული თუ სწორად მახსოვს, 15 ივნისს არის ადგილობრივი არჩევნები, როდესაც გორში ვაპირებ მერობაზე კენჭისყრას, ეს არის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი „ჯერ კიდევ ცხენზე ზის“ და მათთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის. მე დავიწყე ურთიერთობების გარკვევა და საერთო ენის გამონახვა იმ მიზნით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო, ერთი, ხელი არ შემეშალა მათთვის, დისონანსი არ შემეტანა მათ გეგმებში და მეორე, გარკვეული მინიმუმ ხელის არშეშლა, მაქსიმუმ მხარდაჭერა მიმეღო. ამისთვის ვთხოვე შუამავლობა და ურთიერთობების გარკვევა დათო უსუფაშვილს. ამას ვსაუბრობ დათო უსუფაშვილთან შეთანხმებით, თორემ ამაზე ისე არ ვისაუბრებდი. უსუფაშვილმა ივანიშვილისგან მომიტანა ძალიან მარტივი მესიჯი – „პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.“ პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მომთხოვა ამ ჩვენების მიცემა, ასეთი სახით, როგორი სახითაც მიცემული მაქვს. თუ გინდათ ამ ტელეფონს გაჩუქებთ და იმდენი მაღალჩინოსნის სმს-ებს ნახავთ, შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეთ,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებს უარყოფს, თუმცა, ადასტურებს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის შეტყობინება ივანიშვილს გადასცა. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მას მოლაპარაკება არ ჰქონია და მასთან ირაკლი ოქრუაშვილი თავად მივიდა.
„მე არანაირი მოლაპარაკება ოქრუაშვილთან არ მქონია. ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ის მზად არის მისცეს ჩვენებები, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე პროკურატურას და სურს, ურთიერთობა ააწყოს “ქართულ ოცნებასთან” და ივანიშვილთან და მთხოვა, გადამეცა მე “ქართული ოცნების” ხელმძღვანელებისთვის. მე ამის თაობაზე ვესაუბრე პრემიერ ღარიბაშვილს, ასევე, ბიძინა ივანიშვილს და მათგან მიღებული პასუხი გადავეცი ოქრუაშვილს და პასუხი იყო შემდეგი – დაელაპარაკოს პროკურატურას, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ეს იყო ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში, მას შემდეგ ოქრუაშვილი დადიოდა პროკურატურაში და აძლევდა ჩვენებებს, ოცნებასთან მისი ურთიერთობა განვითარდა თუ არ განვითარდა, ეს მე უკვე აღარ ვიცი,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.