შაბათის კურიერის ინფორმაციით რუსთაველის 12 ნომერში მდებარე კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში ქართული ოცნების “ტროლების ფაბრიკა“ ფუნქციონირებდა, რომელიც ფუნქცია ხელისუფლების ოპონენტებზე და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებზე ყალბი ახალი ამბების შექმნა და მათი დისკრედიტაცია იყო.
რუსთაველის თორმეტ ნომერში მდებარე შენობა პირველად პარლამენტში გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ ახსენა. მისი თქმით თიბისი ბანკზე ზაფხულში კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის დროსაც ბანკის სერვერები დროებით გაითიშა. თიბისის IT სამსახურმა დაადგინა შენობა და ოთახი, საიდანაც ეს თადასხმა მომდინარეობდა და ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა, თუმცა დღემდე გამოძიებას არანაირი შედეგი არ დაუდია.
რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობას ოთხი მფლობელი ჰყავს – ავიაკომპანია აირზენა, შპს ნოა-ნოა, ეთერ გაიაშვილი და კომპანია სილქნეტი.
შენობაში შესვლა საშვის გარეშე შეუძლებელია. დაცვის სამსახური ყველა სართულს აკონტროლებს.
ოფისი, რომელზეც ხაზარაძე საუბრობდა და რომელიც შენობის მესამე სართულზე მდებარეობს, კურიერის ინფორმაციით რამდენიმე წლის წინ ყანდიაშვილმა ტურისტული სააგენტოსთვის იქირავა, თუმცა, ტურების შესაძენად მისული ხალხი რუსთაველის 12-ში არავის უნახავს.
სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ კონსპირაციული ოფისი, სადაც ქართული ოცნების ტროლების დაჯგუფება მუშაობდა, შენობის მესამე სართულზე იყო განთავსებული. დაცვის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, კურიერმა შენობაში შესვლა მოახერხა.
მას შემდეგ, რაც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა შს სამინისტროში წერილი გააგზავნა და აცნობა, რომ ბანკზე კიბერთავდასხმას რუსთაველის 12-დან განხორციელდა, კონსპირაციული ოფისის დაცლა დაიწყეს, ახლა იქ მხოლოდ რამდენიმე კომპიუტერია დარჩენილი.
რუსთაველის 12-ში დაადასტურეს, რომ ყანდიაშვილი ტროლების დაჯგუფების ოფისში ხშირად დადიოდა.
კურიერმა მოიპოვა კონსპირაციულ ოფისში დასაქმებული იმ ადამიანების სია, ვინც საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებსა და პოლიტიკოსებზე ყალბ ახალ ამბებს იგონებდნენ და ავრცელებდნენ. სიაში პირველი ალექს ამაზაშვილია. ის კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტია.
საიდუმლო ოფისის თანამშრომელთა 17-კაციან სიაშია ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი. მან კურიერთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ რუსთაველის გამზირზე ოფისში ქართული ოცნების პრესამსახურის უფროსმა, კოკა ყანდიაშვილმა, დაასაქმა, თუმცა ამბობს, რომ ის ინტერნეტ გამოცემაში მუშაობდა.
კოკა ყანდიაშვილი ჯერჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
კურიერის ერთ-ერთი ვერსიით, კოკა ყანდიაშვილთან ერთად ტროლების და ბოტების მუშაობას სოციალურ ქსელში უშიშროების ყოფილი მინიტრის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის ტელევიზიის სახე – შალვა რამიშვილიც აკონტროლებს. თუმცა, რამიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის 12 ნომერში ოფისი არასდროს ჰქონია და იქ არც ყოფილა.
ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე კი ამტკიცებს, რომ კოკა ყანდიაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის დავალებით მოქმედებს, ტროლებისა და ბოტების მუშაობისთვის კი მათ კავშირგაბმულობის ყოფილი შენობა საგანგებოდ შეარჩიეს, რადგან აქ სილქნეტის აპარატურის ნაწილია განთავსებული და თუ პოლიტიკური ნება იქნება შესაძლებელია ამ აპარატურის საშუალებით დაიწყო კიბერ შეტევა რომელიმე ორგანიზაციაზე.














