ოპოზიცია თიბისის საქმეში მმართველი პარტიის ლიდერის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის კვალს ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობას კი ეროვნული ბანკის ქმედების სისწორეში ეჭვი არ შეაქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთის ინტერესებზე მიუთითებენ და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ავლებენ პარალელს.
საფინანსო ინსტიტუტის ირგვლივ განვითარებულ მოვლემებში უარყოფით კონტექსტს ხედავს ექსპერტთა ნაწილიც. Newsreport.ge-მ რამდენიმე კომენტარი შეკრიბა და გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
რომან გოცირიძე, “ნაციონალური მოძრაობა”: ქვეყანას არ ჰყავს ეროვნული ბანკი, ამიტომ გვენეტაძე და მისი მოადგილეები უნდა გადადგნენ, რადგან მთვრობის ლაქიები არიან. პროცესები იმართება ივანიშვილის დავალებით, გახარიას მონაწილეობით, გვენეტაძის მორჩეილებით.
ზურაბ ჭიაბერაშვილი, ევროპული საქართველო: თუ ივანიშვილს მივცემთ საშუალებას, მოაშთოს თავისუფლების ყველანაირი გამოვლინება ამ ქვეყანაში, მივიღებთ პუტინის სექტორს.
ეკა ბესელია, ქართული ოცნება” : ეს საქმე სრულიად თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური განწყობებისა და გავლენებისგან. არ უნდა დატოვოს არანაირი ეჭვი საზოგადოებაში და ჩვენს პარტნიორებში მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, უნდა იყოს მყარი მტკიცებულება, არაფერი საეჭვო, რომელიც შექმნის განცდას, რომ უსამართლობა ხდება ქვეყანაში.
ოთარ დანელია, ქართული ოცნება: ეროვნული ბანკის განცხადება ალბათ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ვერ შევიტან ეჭვს მათ საქმიანობაში. რაც შეეხება ანაკლიასთან კავშირს, ამას უსაფუძვლოდ მივიჩნევ, რადგან მთავრობაა ამის ხელშემწყობი.
ბექა ნაცვლიშვილი, “ქართული ოცნება”: TBC ბანკი არ არის უმწეო ორგანიზაცია, რომელსაც არ შეუძლია მაღალკვალიფიციური იურისტების დაქირავება, ამიტომ აქ უთანასწორო პოზიციაში არავინ დგას.
ნინო ევგენიძე, ექსპერტი: ნებისმიერი ასეთი გაუმჭირვალე შეტევები საბანკო სექტორის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ნაკლებად შეუწყობს ხელს.
ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა: შეიძლება, არსებობდეს ძალიან დიდი ინტერესი რუსეთის მხრიდან, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს. ამიტომ, როდესაც ასეთი პრობლემები ექმნება “თიბისი” ბანკს, რომელის ამ პროექტში არის ჩართული, ეს არის თავისთავად ძალიან დიდი პრობლემა.