ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ საუბრობს ეკლესიის სახელით, რომელია პატრიარქის კურთხევით და რომელი არა, რადგან პატრიარქისგან არაფერი მოუსმენია.
,,ძნელი გასააზრებელია რომელია პატრიარქის კურთხევა და რომელი არა, ან საიდან მოდის ეს კურთხევები. ჩემთვის სარწმუნო და საიმედო, უფრო ავტორიტეტული, ის სიტყვაა, როცა უშუალოდ პატრიარქის ბაგისგან მესმის ქადაგებისას, თუ საგანგებო შეკრებისას.
ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ ეკლესია ურჩევს ხალხს ამას, ეკლესია ურჩევს იმას. ვინ არის ეს ეკლესია? ვინ არის ის, ვინც ეკლესიის სახელით საუბრობს? ეს სიტყვა ჩვენ შეიძლება ვიხმაროთ მაშინ, როცა სინოდი იღებს გადაწყვეტილებას. სინოდს შეუძლია ეკლესიის სახელით ილაპარაკოს და კონკრეტულ პიროვნებებს, ამ შეთხვევაში უფლებამოსილი პირი ვინც არის, ეს არის კათალიკოს-პატრიარქი”, — ამბობს მეუფე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო სინოდის საგანგებო სხდომა უნდა შეიკრიბოს და ერთიან პოზიციაზე შეჯერდეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია, ქვეყანაში “დამაფიქრებელი” მდგომარეობაა, რადგან ვირუსი ვრცელდება, რომლის შესახებაც “არავინ არაფერი არ იცის”.
,,არის იმის საშუალება რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშაოთ როგორ მოვიქცეთ. ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს მხრებზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა ხდება”,- თქვა მეუფე გრიგოლმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეკლესია კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს, თუმცა უშვებს, ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მიღებას.