ექსპერტი იაგო კაჭკაჭიშვილი 2005 წლის მოვლენებს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მასთან უნივერსიტეტში ერეკლე კოდუა მივიდა და არასაიმედო ხალხის გამოვლენა ითხოვა.
„ეს ამბავი მხოლოდ ვიწრო წრეში მაქვს მოყოლილი, ახლა გავასაჯაროვებ:2005 წელია. ჩემთან, თსუ მეოთხე კორპუსის ოთახში (სოციოლოგიის კათედრის გამგე უკვე ვარ) შემოდის ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ჯიბიდან იღებს რაღაც მოწმობას, გადაშლილს მიჩვენებს და მეუბნება (ეს ციტატა არ არის, თუმცა, ღმერთია მოწმე, არაფერს ვაჭარბებ):
ბ–ნო იაგო, მე ირაკლი კოდუა ვარ, შსს თანამშრომელი; ახალი ხელისუფლება, ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით, არასაიმედო პირების გამოვლენითაა დაკავებული. თქვენ გეცოდინებათ, ვინ არის შევარდნაძის მომხრე პროფესურა თსუ–ში; საჭიროა მათი გამოვლენა და განეიტრალება.
ტანში გამცრა: მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ირაკლი (ერეკლე) კოდუა; ცხადია, ის თსუ–ში ჩემს გასაფრთხილებლად (თუ, დასაშინებლად) მოვიდა (ხელისუფლების საკრიტიკო მესიჯები უკვე გაშვებული მქონდა სხვადასხვა არხით). უცებ ავენთე და ვუთხარი: თქვენ გგონიათ, რომც ვიცოდე, ვინ არ გიჭერთ მხარს, ახლა მათ გვარებს დაგისახელებთ–მეთქი?
მოკლედ, კიდევ გავცვალეთ ერთი–ორი ფრაზა და გავიდა ოთახიდან… რამდენიმე წუთი გაოგნებული ვიჯექი. ახლა აღარ მოვყვები იმ დისკომფორტის (რბილად რომ ვთქვა) შესახებ, რაც იმ პერიოდში განმაცდევინა წინა ხელისუფლებამ…
ასე რომ, მეგობრებო, თქვენი ჭირიმე, ნუ მიხსნით, რას აშავებდა ნაცმოძრაობა (განსაკუთრებით ნუ მიხსნიან ისინი, ვინც მაშინ „თბილად“ იყო). ყველა ხელისუფლებს აქვს დიდი მინუსები და ზოგიერთს – დიდი პლიუსებიც.
„ვარდებს რევოლუციის“ პლიუსებზეც და მინუსებზეც ისტორიკოსები აუცილებად დაწერენ! მე მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი, რომ, საერთო ჯამში, ეს მოვლენა (თანმდევი პლიუსებით და მინუსებით) პროგრესულად შეფასდება მეთქი (თანაც, ეს არ ყოფილა ჩემი პოსტის მთავარი აქცენტი). არ გამოვრიცხავ, რომ ვცდებოდე,“ – წერს კაჭკაჭიშვილი.