შოთიკო ნოზაძე და ქეთი ხუციშვილი სუპერპოპულარულები მას შემდეგ გახდნენ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ და-ძმის, ლუნა და თენგო მაზიაშვილების როლები მოირგეს. შოტკო სერიალში – 5, ქეთი კი – 4 წლის განმავლობაში თამაშობდნენ.
მას შემდეგ, რაც მათ ალეკო მალხაზიშვილისგან „რუსთავი 2“-ზე „კომედი შოუში“ გამოჩენის შეთავაზება მიიღეს, გადაწყვიტეს, ახალ ამპლუაში თავი მოეინჯათ, თუმცა „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდისთვის მათი „რუსთავი 2“-ზე წასვლა მისაღები არ აღმოჩნდა. შოთიკო და ქეთი სერიალში აღარ გამოჩნდებიან, თუმცა მაყურებელს კვლავ ერთად ხვდებიან, ამჯერად „კომედი სოუს“ სკეტჩებში.
კითხვაზე გული წყდებათ თუ არა რომ სერიალში აღარ არიან შოთიკო ნოზაძემ უპასუხა:
“ამ გულისწყვეტას ვინ როგორ გაიგებს, არ ვიცი, მაგრამ დიდი დრო მაქვს „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდთან გატარებული და დავტოვე ჩემი ძვირფასი ადამიანები, ამიტომაც მწყდება გული. სერიალში 5 წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ჩემი გადაწყვეტილება იყო, სურვილი არა. სურვილი სხვა რამეა და გადაწყვეტილება – სხვა. გადაწყვეტილება მივიღე და წამოვედი სერიალიდან , მიზეზებზე საუბარი არ მინდა.”
” მე დამირეკა ალეკო მალხაზიშვილმა. როცა მასთან გავისაუბრე, მითხრა, რომ მას არ ჰქონდა პრობლემა, „კომედი შოუშიც“ ვყოფილიყავით და „ჩემი ცოლის დაქალებშიც“. შემდეგ მე დაველაპარაკე „ფორმულა კრეატივის“ წარმომადგენლებს. რა საუბარი შედგა, ამაზე აღარ ვისაუბრებ, მაგრამ არჩევანი „კომედი შოუს“ სასარგებლოდ გავაკეთე.ოთხი წელი გავატარე ამ გუნდთან ერთად. ქუჩიდან რომ პირდაპირ ასეთ პოპულარულ სერიალში აგიყვანენ, ძალიან სერიოზული ტრამპლინია. ამ კუთხით მართლა გული მწყდება… რომ არა „ჩემი ცოლის დაქალები“, ბევრი რამ არ იქნებოდა. ცხოვრებაა. რას ვიზამთ.”- განაცხადა ქეთი ხუციშვილმა
რატომ მიიღე ამგვარი გადაწყვეტილება? ახალი გამოცდილების მიღება გაინტერესებდა?
დეტალურად ვერ გეტყვით, შიდა სამზარეულოს თემაა. ხალხი ოცნებობს, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთწუთიან სცენაში მოხვდეს… ერთს ვიტყვი, რომ ძალიან ძნელია შეგუების პროცესი, თუმცა „კომედი შოუში“ ძალიან კარგი გუნდი დაგხვდა. გადაწყობის ეტაპი გვაქვს და არ ყოფილა ადვილი. „ჩემი ცოლის დაქალებში“ სხვა სირთულეებია, „კომედი შოუში“ – სხვა. განსხვავებული სპეციფიკაა. ნამდვილად არ შემშინებია, რომ სხვადასხვა პერსონაჟის განსახიერება მომიწევდა. სერიალში ერთი კუთხით მივდიოდი, სიგიჟეებიც ჩავიდინე, იქვე ვვითარდებოდი, როგორც მსახიობი. გაოგნებული ვრჩებოდი, თურმე ეს შემძლებია-მეთქი. „კომედი შოუში“ კი სხვადასხვა პერსონაჟს ვითამაშებ. ჯერ მიჭირს გადმოწყობა, თორემ კამერასთან მუშაობის შიში ნამდვილად არა მაქვს.
შოთიკო :
„კომედი შოუს“ გუნდი არაჩვეულებრივია. მივედი მეგობრებთან და ვაკეთებ იმას, რასაც იუმორი ჰქვია. რასაკვირველია, მაყურებელს ექნება ასოციაცია ჩემს ძველ პერსონაჟთან და ეს გაგრძელდება გარკვეული დრო. გინდა თუ არა, როცა წლები გიყურებენ, როგორც თენგოს, სხვა პერსონაჟად შენი აღქმა უჭირთ. შეიძლება, როლი იდეალურად შეასრულო, მაგრამ მაყურებელმა მაინც არ მიიღოს.
ქეთი:
თენგო, ბოდიში შეგაწყვეტინებ… უი, პირველად დავუძახე თენგო. ეტყობა, მაინც მონატრებულები ვართ ჩვენს პერსონაჟებს (იცინის). ასეთ კომენტარს წავაწყდი სოციალურ ქსელში, ქალი გვწერდა, ძალიან დამენანეთ, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვეღარ გიხილავთ, მაგრამ რაც უნდა გააკეთოთ, ლუნა, თენგო და მერაბ დარჩია მაინც ამ პერსონაჟებად დარჩებითო. ქუჩაში რომ მივდივარ, მაინც ლუნას მეძახიან. ჯერ ხალხი მაინც იქ არის. ალაიქებენ, იცინიან ჩვენს სკეტჩებზე, მაგრამ ჯერ მაინც ლუნა ვარ.
როგორ უნდა გამოხვიდეთ ამ როლებიდან?
ვაღიარებ, რომ ჯერ კიდევ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვარ. ჩვენს რეჟისორსაც ვუთხარი, რომ დრო მჭირდება. ლუნას როლი მქონდა შესისხლხორცებული. ოთხი წელი ერთი ადამიანის შესრულების შემდეგ სხვაზე გადასვლა ძნელია.
შოთიკო:
როცა ამდენ ხანს ერთ როლს თამაშობ, ყველა დეტალის დასახვეწად გაქვს დიდი დრო, როგორ გაიხედოს, გამოიხედოს, ეძინოს შენს პერსონაჟს და ა.შ. „კომედი შოუში“ წინა დღეს იწერება სკეტჩი და მეორე დღეს ჩაწერაა. ეს კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან ძალიან მალე გიწევს სხვა ადამიანის განსახიერება.
სერიალის მაყურებლებად რჩებით?
ქეთი:
რა თქმა უნდა, გულშემატკივრებადაც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქეთი დევდარიანს, რომელმაც ნახა ჩემი ვიდეო და შემომთავაზა ლუნას როლი და ზოგადად, მთელ გუნდს.
შოთიკო:
მადლობა ყველას, ვისაც მცირე წვლილი მაინც მიუძღვის ჩვენს განვითარებაში. ძალიან მაგარი გუნდია.
ალბათ, გიხარიათ, რომ ისევ ერთად მოხვდით.ძალიან. გაცნობის დღიდან, პირველივე გადასაღები დღიდან ვმეგობრობთ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თუ და-ძმა არა, კარგი მეგობრები ვართ.
ქეთი:
ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ მეგობრობა ცოტა სხვა რამ არის. შოთიკოსთან ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შოთიკოს იუმორი ძალიან მომწონს, ჩემი გემოვნებისაა. ალოსაც რომ მეუბნება, უკვე მეცინება. ალალი, უშუალო და ძალიან კარგი ადამიანია.
შოთიკო:
ქეთი ძვირფასია ჩემთვის, მეგობარია. მას აქვს თვისება, დაგანახოს თავისი თავი ისეთი, როგორიც არის. ერთმანეთს პატივს ვცემთ, გვიყვარს. შეიძლება, რაღაცაზე ჩავხოცოთ ერთმანეთი, მაგრამ… ვხუმრობ, რა თქმა უნდა, არასდროს გვიჩხუბია და იმედია, არ ვიჩხუბებთ. გვქონია აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ჩვენს მეგობრობას ხელს არ უშლის.
წყარო: Fortuna.ge