ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში – საპატრიარქო

დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტაძრებში, განსაკუთრებით მცირე ზომისაში, მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ.

„ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ: ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი,- 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება). დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში. ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ“, – ნათქვამია განცხადებაში.