ვიზალიბერალიზაციით სარგებლობიდან 2 წლის შემდეგ “შეჩერების მექანიზმი” კვლავ აქტუალურია

{{ARTICLEIMAGE}}
ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება – საქართველოში საფრანგეთის, ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, შენგენის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, საბერძნეთი და შვეიცარია თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრი ზრდის პრობლემის წინაშე დგანან.

ელჩის თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკურად დევნილთა რიცხვი დიდი იყოს, რეალურად, არ არსებობს.

“საფრანგეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ვიზალიბერალიზაციამდე ჩვენ, დაახლოებით, ორი ათასამდე ქართველი გვყავდა, ვინც საფრანგეთში ჩამოდიოდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. აქედან 7 პროცენტს ვაკმაყოფილებდით საშუალოდ, რადგან თავშესაფარს იმ ხალხს ვანიჭებთ, ვინც იმის გამო იჩაგრება, რომ LGBT მოძრობის წევრია ან პოლიტიკურად იდევნება”, აცხადებს საფრანგეთის ელჩი, რომლის კომენტარს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, პასკალ მენიე ამბობს, რომ ამის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ევროკავშირს არ სურს “მათ გამო ვინც ცუდად იქცევა, ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევა”. პასკალე მენიე ამ პრობლემის განხილვას და მისი გადაჭრის გზებზე მსჯელობას საქართველოს მთავრობასთან გეგმავს. 

ფრანგი დიპლომატი იმასაც ამბობს, რომ ევროპაში ჩასული ქართველების ნაწილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ხდება.

“ჩემი შვედი კოლეგა ამბობს, რომ სტოკჰოლმში დანაშაულების 50 პროცენტში ქართველები მონაწილეობენ. ეს იმიჯი ქართველებს აზიანებს. ვფიქრობ, ეს ხალხი ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლია, ამიტომ ჩემი გზავნილი ქართველებისადმი იქნება შემდეგი — ნუ უსმენთ მათ, ნუ დაუჯერებთ, როცა გეუბნებიან, რომ ჩახვალთ საფრანგეთში და პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებთ, რადგან ვერ მიიღებთ, ამის სანაცვლოდ კი, ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ნაწილი გახდებით და პრობლემები შეგექმნებათ”, ამბობს ელჩი. 

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში ევროკომისიამ 2018 წლის ბოლოს წარადგინა.